18 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
დაპირისპირება პოლიციასთან - პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა - აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზაზე გადასვლისკენ მოუწოდეს. 

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები საავტომობილო გზიდან ბილიკზე ძალის მეშვეობით გადაიყვანეს. პროცესში დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, რამდენიმე მათგანი კი სიტუაციას გაარიდეს. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს დაკავებულების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

"ზუსტი რაოდენობის შესახებ ვერ მოგახსენებთ, მაგრამ გარკვეული პირები იქნენ დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. აქციის მონაწილეები როდესაც იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო ნაწილის ბლოკირებას და ასევე პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, მათ შეეძლოთ გამოეხატათ თავიანთი პროტესტი.

შემდგომში გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები. შემდეგ ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ გზა, თუმცა გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ ამ მოთხოვნას, რის გამოც იქნენ დაკავებულები, შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მშვიდად ჩაატარონ პროტესტი და ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რამდენიმე დეპუტატი ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის შენობაში პოლიციის დახმარებით შევიდა. "მონა" ამ შეძახილებით აცილებენ აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებს.

დღის ამბები