18 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა, კონსტიტუცია წაიკითხონ - ბესელია მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა.

ბესელიას შეფასებით, პარლამენტი ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

"არ დავუჭერ მხარს, რადგან მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული ვიწრო ჩანაწერი. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ანუ თუ პირი დამნაშავედ იქნება ცნობილი საბოლოო ინსტანციის მიერ.

რადგან პირი ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, პარლამენტი კი არ უნდა ჩქარობდეს, უნდა დაელოდოს მართლმსაჯულებას და არ უნდა ჩაერიოს ვადაზე ადრე. ამიტომ მიმაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ არის სწორი ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ განსაკუთრებით იურისტებმა კონსტიტუცია კარგად უნდა წაიკითხონ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საპროცედურო კომიტეტის 11 წევრიდან 9 დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები