სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის ნოდარ რუხაძის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ორგანიზატორი "სირცხვილიაა".
რუხაძის განმარტებით, პერფორმანსი სესიაზე მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის ჩაგდებას ემსახურებოდა.
რუხაძის შეფასებით, "ქართული ოცნების" ყველა გადაწყვეტილებას "სუნი ასდის."
"რეალური ქვეტექსტი იყო, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყარს, მათ ყველა გადაწყვეტილებას ასდის ძალიან ცუდი სუნი და ჩვენ ძალიან არ გვინდა რომ, იმ ფეკალურ მასებში ჩაეფლოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი პატარა, სახალისო პერფორმანსის მთავარი მიზანი იყო, ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას დღეს ხელი შეშლოდა ჯიბის მოსამართლეების დამტკიცებაში.
როდესაც საუბარია სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას პერფორმანსზე, ეს ყველაფერი არის კანონის ფარგლებში ყოველთვის. ეს ყველაფერი არის მშვიდობიანი და აბსოლუტურად უსაფრთხო.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ნამდვილ ტერორიზმთან რომ ჰქონდეთ ოდესმე შეხება, მას როგორ შეაფასებდნენ. მათი ყოველგვარი კომენტარი, შეფასება, რა თქმა უნდა, არის სახალისო, რადგან დღეს სწორედ ისინი წარმოადგენენ ქვეყნის კრიმინალურ დაჯგუფებას," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.