25 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
მოხდა გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა და მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა - სოფო კილაძე 

დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს აფასებენ, საიდანაც ჟურნალისტები იძულებით გაიყვანეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მედიის წარმომადგენლების საქმიანობა უმნიშვნელოვანესი და ხელშეუხებელია.

“ჩვენი დემოკრატიისთვის ჟურნალისტების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია. ძალიან სამწუხარო იყო, რომ მოხდა გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა და მე და ბატონ რატი იონათამიშვილს მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა. ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი და ბატონ ანრის ნამდვილად არ გაუცია დავალება, რომ ჟურნალისტები გაეყარათ,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.

მომხდარ ინციდენტს ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, რომელიც მოვლენებს გაურკვევლობას უწოდებს.  

“ვნახე კადრები, მოგეხსენებათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და ზოგიერთი ჩვენი სხვა კოლეგა ცდილობდა კომიტეტის სხდომის ჩაშლას, რა დროსაც, მე გამოვაცხადე ტექნიკური შესვენება. გაურკვევლობა მოხდა და ჟურნალისტებმა გამოთქვეს პრეტენზია. მე უზრუნველვყავი და მანდატურებმაც უზრუნველყვეს, რომ ჟურნალისტები შემოსულიყვნენ კომიტეტის სხდომათა დარბაზში,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ასევე დეპუტატებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეჩერებაზე.

“ვერც ერთმა მოსამართლეობის კანდიდატმა ვერ გაბედა და ვერ შეძლო წინა ხელისუფლების ჯალათობრივი რეჟიმის შეფასება. თქვენ, თუ რომელიმე მათგანს დღეს მხარს დაუჭერთ, ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის ლეგიტიმაცია თავიდან და იქნება ხაზის გადასმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარზე,“ - განაცხადა დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიცია სხდომას ბოიკოტს უცხადებს, მონაწილეობას კენჭისყრაში არც დამოუკიდებელი დეპუტატები მიიღებენ, თუცა დღეს სხდომათა დარბაზში კოლეგების გადარწმუნება კიდევ ერთხელ სცადა ეკა ბესელიამ დ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, რასაც უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დათანხმდა.  

“მოგიწოდებთ, რომ კანონის დარღვევით და პროცედურის დარღვევით დღის წესრიგში არ ჩასვათ ის საკითხი, რომელიც ასეთი მძიმე მოცემულობის წინაშე აყენებს ყველას, პარლამენტს, ქვეყანას... თქვენ სესიაზე კენჭისყრის გარდა, ვერავითარ მსჯელობას ვერ გამართავთ იმ კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს იურიდიულ კომიტეტზე უნდა მომხდარიყო და იურიდიულ კომიტეტზე ხედავდით, რას ჰგავდა ეს კომიტეტი. სხვა არაფერი არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუ არა ჟურნალისტისთვის საქმიანობისას ხელის შეშლა და ამას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე.“ - აცხადებს ეკა ბესელია.

 

დღის ამბები