20 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები პარლამენტში - მძაფრმა სუნმა სხდომათა დარბაზში 4 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია   

"ა-ეს-დე 2 - ეფ“ - ეს, სავარაუდოდ, იმ სითხის დასახელებაა, რომელმაც პარლამენტში 4 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. ირკვევა, რომ რუსული წარმოების სითხის შეძენა მხოლოდ ზოოაფთიაქებშია შესაძლებელი. ინტერნეტანოტაციაში წერია, რომ წამალს მძაფრი, ლაყე კვერცხის სუნი აქვს, ამიტომ თავსახურის მოხსნა სასურველი არ არის. უკუჩვენება კი, რომელმაც დღეს პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახება გამოიწვია, გულის რევის შეგრძნება და თავბრუს ხვევაა.

უცნობია, ვინ დაასხა სხდომათა დარბაზში სითხე, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. პარლამენტში შეუძლოდ გამხდარი ადამიანები ამბობდნენ, რომ მათ სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდათ. „ა ეს დე-2 ეფ“-ის, იმავე ანტისეპტიკური სტიმულატორის დაქცევის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დეპუტატებს ენძელა მაჭავარიანსა და სვეტლანა კუდბას დასჭირდათ, ასევე - პარლამენტის ფოტოგრაფსა და აპარატის თანამშრომელს.

საკანონმდებლო ორგანოში დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ, პარლამენტის აპარატის თანამშრომელი კი გაურკვეველი ტოქსიკური გაზის ეფექტითა და სუნთქვის უკმარისობით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი ციური როსტიაშვილი მალევე სახლში გაწერეს.

ანტისეპტიკური სტიმულატორის დასხმის შემდეგ, ადგილზე მუშაობა დაიწყეს სამართალდამცველებმა. ექსპერტ კრიმინალისტებმა სხდომათა დარბაზში სინჯები აიღეს. სესიაზე კი შესვენება გამოცხადდა. დარბაზში, სადაც გაურკვეველმა პირებმა სითხე დაასხეს, ჟურნალისტებს უსაფრთხოების მიზნით არ უშვებდნენ. მომხდარიდან მალევე ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა და მომხდარს ქიმიური შეტევა უწოდა.

ბრალდებებს მალევე უპასუხეს ”ევროპულ საქართველოში” და პარლამენტში გავრცელებულ მძაფრ სუნზე პასუხისმგებლობა არ აიღეს. ოპოზიცია მმართველ პარტიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული, არ არის გამორიცხული, დღეს სხდომათა დარბაზში მყოფი პირების ნაწილი გამოკითხვაზეც დაიბარონ.

 

 

დღის ამბები