20 იანვარი 2020,   04:21
ვრცლად
იდეებიდან პრაქტიკულ ნაბიჯებამდე - სუამის წევრი სახელმწიფოები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

დიდხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრემიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარია, მოლდოველ, უკრაინელ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სუამის წევრი სახელმწიფოების პლენარულ სესიას დაესწრო.

მთავარი თემა რეგიონალური თანამშრომლობა და საერთო გამოწვევებია. ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს. ხვალ კი მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართება, მათ შორის, გიორგი გახარია პირისპირ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

სუამის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობა და სატრანზიტო დერეფანი, ანუ ის იდეები, რაც წლების განმავლობაში ამ ფორმატში არსებობდა, უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს და 4 ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა უნდა გაიზარდოს.

"ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს. ეს იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ძირითადი შედეგი და განისაზღვრა, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური ნაწილი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგად რეალობად იქცეს. ეკონომიკაზე მთავარი აქცენტის გაკეთებისას გვერდს ვერ ავუვლიდით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოლიტიკურ განზომილებას. ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა. პირადად გადავუხადე მადლობა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თანამშრომლობის გაღრმავებას გაუსვა ხაზი უკრაინის პრემიერ-მინისტრმაც:

"შევთანხმდით, რომ ვფოკუსირდებით სწორედ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ორი პრიორიტეტია,პირველი - თავისუფალი ვაჭრობის ზონა ჩვენს ქვეყნებს შორის,მეორე ამბიციური საკითხი კი რაც დღეს განვიხილეთ სატრანსპორტო კორიდორის შექმნაა,რაც დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდისთვის. ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ერთად გავიზარდოთ ეკონომიკურად. შეხვედრებზე შევეხეთ პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებს, ამ მიმართულებით ჩვენს სახელმწიფოებს ბევრი თემა აერთიანებს," - განაცხადა ალექსი გონჩარუკმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ იონ კიკუს თანამშრომლობაში მეტი პროგრესის იმედი აქვს:

"მივესალმებით სუამის მცდელობას, რომ ეკონომიკური ურთიერთობები განავითარონ. ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ბიზნესი და ეკონომიკა. თუმცა საჭიროა, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონა პრაქტიკულ სიბრტყეზე გადავიდეს, რაც ჩვენს ქვეყნებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. იმედი მაქვს, მომავალი წლისთვის ამ პროექტს დავასრულებთ და უკვე გადავალთ კონკრეტულ ნაბიჯებზე. იმედია 2020 წელი აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით მეტ პროგრესს მოგვიტანს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთ თავზე იგრძნონ შედეგები და მათი ცხოვრების დონე ჩვენს ქვეყნებში ამაღლდეს," - განაცხადა იონ კიკუმ.

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი, რომლის ქვეყანასაც მომავალ წელს სუამის თავმჯდომარეობა ბარდება, აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება ეკონომიკური და პოლიტიკური დიალოგი გაღრმავებისთვის:

"ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა. სუამის ფორმატის წინსვლის მიმართულებით რამდენიმე იდეაც გავაჟღერეთ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოები ტერიტორიული მთლიანობის გარეშე ეკონომიკურად ვერ განვითარდებიან. კმაყოფილები ვართ, რომ ყველა ვთანხმდებით ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. შემდეგ წელს თავმჯდომარეობა ჩვენ გვბარდება, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური დიალოგი გაღრმავდეს,"- განაცხადა ალი ახმედოვმა.

 

დღის ამბები