20 იანვარი 2020,   04:19
ვრცლად
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - საქართველოს პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციებში განგაშის სიგნალს გზავნიან

საქართველოს პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციებში განგაშის სიგნალს გზავნიან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობასთან დაკავშირებით, ამის თაობაზე "კურიერს" გაეროს ჟენევის ოფისში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები ესაუბრნენ, სწორედ მათთან გამართა შეხვედრა დღეს საქართველოს დელეგაციამ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით, როგორც ადამიანების გატაცების გახშირებულ ფაქტებზე, ასევე ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ გადასასვლელების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფინეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში ტერჰი ჰაკალა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესი და დაცული იყოს მისი უფლებები.

პოლონეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში ზბიგნევ ჩეჰი ამბობს, რომ საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა არ უნდა შეწყვიტონ განგაში დე ფაქტო ხელისუფლებების ქმედებების გამო. ჩეჰის თქმით, ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს უსამართლობის წინააღმდეგ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ვრცლად არის ასახული იმ რეზოლუციაში, რომელიც ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭომ მარტში უნდა დაამტკიცოს. როგორც საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში ვიქტორ დოლიძე ამბობს, ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებას უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

რეზოლუციის განხილვა მარტში იგეგმება, სავარაუდოდ მარტში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდიც.

დღის ამბები