20 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. 10 პირის პროცესი 13 დეკემბერს, დანარჩენი ექვსის კი 24 დეკემბერს ჩაინიშნა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათ დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან. ამ დროისთვის აქციის 16-ვე მონაწილე სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მათ დაკავებას უმნიშვნელო დარტყმებს უწოდებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსამართლეს კანონდამრღვევ პოლიციელებზე საქმის აღძვრის მოტივით მიმართა.

"რამდენჯერმე სცადეს ჩემი დაკავება. მანამდე გზის სავალ ნაწილზე გადავედით და ვერ მოახერხეს დაკავება, მერე დამაკავეს, ეს იყო პირდაპირი მითითება. ეს იყო იოტისოდენა დარტყმებია და დიპლომატიურ საზოგადოებას ვაცნობებთ ამის შესახებ. კიდევ ერთ მოსამართლეს მივმართე, რომ საქმე უნდა აღიძრას იმ კანონდამრღვევ პოლიციელებზე, ვინც უკანონოდ დამაკავა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ერთ-ერთი დაკავებული გია თედორაძე აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აქციის დროს აქტიურობით გამოირჩეოდნენ.

"ვერ მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება და ალბათ იქ, ზემოთ, საიდანაც მოდის დირექტივები, არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულები. რაც შეეხება თავად ამ საქმეს, ცალსახად შემიძლია ვთქვა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ღონისძიება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურები ვიყავით პარლამენტის გარშემო, პიკეტზე," - აცხადებს გია თედორაძე.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრის განცხადებით, სავარაუდოდ, მათ ახალი წლის შეხვედრა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოუწევთ.

"ვფიქრობ, რომ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოგვიწევს ახალი წლის ღამის შეხვედრა, მაგრამ არ არის პრობლემა. შევხვდებით, გავუძლებთ ამ ყველაფერს, მაგრამ იმ შედეგს, რასაც ჰქვია ამ ხელისუფლების გაშვება პოლიტიკურ სანაგვეზე მივიღებთ ჩვენ ძალიან მალე," - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.

უფლებადამცველი ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ დირექტივები დაკავებულების დაუყოვნებლივ პატიმრობაში აყვანის არ ყოფილა.

"მთელი ეს პროცესები მოტივირებულია პოლიტიკურად და დღევანდელი გადადების საკითხიც, მართალია, სამართლებრივად დასაბუთებული იყო, რომ დაცვის მხარეს გვჭირდებოდა დამატებითი დრო მტკიცებულებების წარმოსადგენად, მაგრამ როგორც ჩანს, დირექტივა დაუყოვნებლივ პატიმრობაში აყვანის არ იყო და ამიტომ გაითვალისწინეს  ჩვენი შუამდგომლობა,"- ბექა ბასილაია

დღის ამბები