ბოიკოტის გამო დღეს პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრს ოპოზიცია არ მოუსმენს. პარლამენტარები ნათია თურნავას რიგგარეშე სესიის ფორმატში მოუსმენენ. ოპოზიცია ამბობს, რომ სანამ ქვეყნის სათავეში "ქართული ოცნება" იქნება, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა არ არსებობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, საპარლამენტო ცხოვრება პარალიზებულია და ის ეკონომიკის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის და მოსმენის აზრს ვერ ხედავს.
"საპარლამენტო ცხოვრება პარალიზებულია, იქ სადაც ოპოზიცია არაა, ყველაფერი არის ფორმალობა. ამიტომ მინისტრის მოსვლას და მოსმენას არავითარი აზრი არ აქვს, ეკონომიკა ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველა სფერო არის წარუმატებელი და ერთ-ერთი წარუმატებელი სფეროს მოხსენება იქნება, რომელიც არაფრით არ არის საინტერესო," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს "ქართული ოცნების" პირობებში არაფერი ეშველება:
"ევროპული საქართველო" უბრალოდ ბოიკოტს კი არ აცხადებს, მიაჩნია, რომ პარლამენტი არც უნდა შეიკრიბოს. ნათელია ქართული საზოგადოებისთვის, რომ ვიდრე ივანიშვილი და "ოცნება" მართავს ამ ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს, აფთიაქებში და მაღაზიებში ფასებს, უმუშევრობას არაფერიც არ ეშველება,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
უმრავლესობას კი არსებული რთული ვითარების მიუხედავად, მომავალი ეკონომიკური განვითარების იმედი აქვს:
"პარამეტრების ანალიზი, ეკონომიკის ზრდის შეფასება იქნება. რთულია ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ საკმაოდ დამაიმედებელი და პერსპექტიულია ის სტრატეგიული გეგმები და პროექტები, რომლებიც დღესდღეობით მიმდინარეობს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.