24 აპრილი 2024,   07:10
ვრცლად
"ივანიშვილს სჭირდება თადუმაძის მსგავსი მონები" - ოპოზიციას მოსამართლეების ფიცის არ სჯერა

თითქმის ერთწლიანი მსჯელობა დასრულებულია. უზენაეს სასამართლოს 14 უვადოდ დანიშნული მოსამართლე ჰყავს. 19 კაციანი სიიდან 14 უმრავლესობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია, კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

მოსამართლეებმა ფიცი გუშინდელ სესიაზევე დადეს, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მათი ფიცის არ სწამთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავას განმარტებით, არჩეული მოსამართლეები კლანური რეჟიმის მიერ ხელდასმულები არიან. როგორც ზოდელავა ამბობს, ივანიშვილს სურს ჰქონდეს გარანტია, რომ მოსამართლეები მისი რეჟიმის მიმართ ბოლომდე ლოიალურები იქნებიან. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს თადუმაძის მსგავსი მონები სჭირდება, რომლებიც ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას დაეთანხმებიან. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი, ქვეყანაში კრიზისს უფრო გააღრმავებს.

"მას სჭირდება თადუმაძის მსგავსი მონები, რომლებიც ყველა მის გადაწყვეტილებას გააპრავებენ და სჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იტყვიან, რომ კი გიგი უგულავამ ძიუდოისტს სცემა. ასეთი მოსამართლეები შეარჩიეს, ეს პროცესი გაფორმდა. ეს კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს, ჩემი აზრით და ეს ყველაფერი დაუჯდებათ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

სილის გაწნას უწოდებს გუშინდელ კენჭისყრას პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. 

"ქართულმა ოცნებამ" მიიღო ძალიან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, სილა იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ქვეყანაში სააკაშვილის დასამთავრებლად ყველაფერი ჩადო. ბუნებრივია, ამაზე ძალიან დიდ ხანს და ხმამაღლა ვისაუბრებთ, რათა სერიოზული პოლიტიკური ფასი დაუჯდეთ "ქართულ ოცნებას"," - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს საქართველოში მართლმსაჯულების შეფერხება სურთ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, გუშინ არჩეულ უზენაესი სასამართლოს 14-ივე მოსამართლეს აქვს კომპეტენცია და უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა მოსამართლეობისთვის უზენაეს სასამართლოში.

"ოპოზიციონერი კოლეგებს სურდათ ამ პროცესის ჩაშლა, ეს იყო მათი მიზანი. მათ რეალურად სურთ მართლმსაჯულების შეფერხება საქართველოში. ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და იმ ხალხის ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც სურთ, მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს სწრაფად და შეუფერხებლად. მათ აქვთ სრულად ის კომპეტენცია და უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობისთვის," - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები