ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართული დევნა - ასე აფასებენ "ევროპული საქართველოს" ლიდერები პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას პირადობისა და პასპორტის ჩამორთმევის საკითხს და ასევე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის გაუქმების საკითხს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მოისუფთაოს პოლიტიკური ველი, თუმცა ირმა ნადირაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" სახლში წასვლა აუცილებლად მოუწევს.
"ეს ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი სახლში გაუშვებს, ამ მეთოდებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ცდილობს, რომ მოისუფთაოს გარემო, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩაებღაუჭოს სკამს. წარმოუდგენელია, ამ მეთოდებმა გაამართლოს. მას აქვს პოლიტიკური პროკურატურა, პოლიტიკური სასამართლო, მაგრამ საპროტესტო მუხტი არის იმდენად ძლიერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ასეთი მეთოდებით მისი სახლში წასვლა ვერ შეჩერდება," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტისა და გიგი უგულავას პასპორტის ჩამორთმევის საკითხს, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ კითხვები თუ კი არსებობს საზოგადოებაში, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ პოზიციებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, ყველა მათგანს პასუხები უნდა გაქეცეს.
"მე როგორც ვიცი, ძველ საქმესთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება უკვე დიდი ხანია. გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გამომდინარეობდა კანონიდან და კონსტიტუციიდან. არანაირი პოლიტიკური დევნა არ არის, არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული," - განაცხადა კახი კალაძემ.
მმართველ გუნდში კი პოლიტიკურ დევნას უარყოფენ და ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ კი ოპოზიციის ლიდერები ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან და პარლამენტში სესიებსა და კომიტეტებზე დასწრებას დაიწყებენ.
"რაც უფრო მალე დაუბრუნდებიან ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას - რა თქმა უნდა ოპონირების რეჟიმში და თუნდაც მწვავე ოპონირების რეჟიმში, მით ნაკლებად დაზიანდება მათი პოლიტიკური სახე. ეს იქნება ხულიგნობა, ჩხუბი, სკანდალებში გახვევა, ქიმიური ნივთიერების გახსნა, პოლიციის შეურაცხყოფა და თავში ჩარტყმა - მათი სახე ნაკლებად დაზიანდება, ეს იქნება ჩემი რჩევა," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.