19 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
პროცესი, რომელიც სამართლიანი შერჩევის უნდა ყოფილიყო, ივანიშვილის ნების აღმსრულებელი გახდა - ზურაბ მელიქიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებები ოპოზიციის მხრიდან დღესაც კეთდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით მათთვის მორჩილი მართლმსაჯულება დაამტკიცა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ამ გადაწყვეტილებით ყველაფერს ხაზი გადაუსვა და ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

"პროცესი, რომელიც, წესით სამართლიანი შერჩევის უნდა ყოფილიყო, გახდა ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი, მონა-მორჩილი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს და იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიიღეს ქვეყნისთვის ძალზე დამაზიანებელი გადაწყვეტილება," - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, კრიტიკა და შენიშვნები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში აისახა.

გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხები ხელისუფლებამ ისეთ ვითარებაში უნდა გადაწყვიტოს, რომელიც საზოგადოების ნდობას დაიმსახურებს. 

"მთელ პროცესში იყო ბევრი შენიშვნა და კრიტიკა. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით - აშშ-ს განცხადებაშიც აისახა. ცხადია, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება - ამ გადაწყვეტილების მიმღები, ვერ ხვდება, რომ მსგავსი მნიშვნელობის საკითხი უნდა გადაწყვიტონ ისეთ ვითარებაში, რომელიც საზოგადოების ნდობას დაიმსახურებს. არ ვფიქრობ, რომ ამ მოსამართლეთა კორპუსს ექნება საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ნდობა," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები