მმართველი გუნდის ინიციატივას, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა 2024 წლამდე ყველა არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების თაობაზე, დამოუკიდებელი დეპუტატები უარყოფითად აფასებენ.
ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების გარდა უმრავლესობის მოსაპოვებლად სხვა გზა არ აქვს, რის შედეგადაც ქვეყანაში, შესაძლოა, დესტაბილიზაცია მოხდეს. კობერიძე აღნიშნავს, რომ სცენარის ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე სურს.
"როგორც ჩანს, უკვე თვითონაც ხვდებიან, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარება გაყალბებით მოუწევთ. ადმინისტრაციული რესურსისა და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენება მოუხდებათ. დიდი ალბათობით, მსგავსი ტიპით ჩატარებული არჩევნები იქნება არალეგიტიმურად ცნობილი. ამის შემდეგ, უნდათ, რომ ჩვენ, ოპოზიცია დაგვითანხმონ, რომ თურმე, მხოლოდ 2024 წლამდე უნდა იყოს ვადა შერეული სისტემით ჩატარების. უნდათ ისე გაატარონ, რომ თუ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა გვინდა, პასუხიმგებლობა ოპოზიციაზეა. მინდა მათ ვუთხრა, რომ პასუხისმგებლობა სრულად მათზეა,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლევან კობერიძის მოსაზრებას იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც.
"ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ თუ ის მოიგებს 2020 წელს არჩევნებს, ვთქვათ და აღებული პროცენტის შეუსაბამო იქნება რეალური მანდატი პარლამენტში, ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია პოლიტიკური პროცესი იმგვარად განვითარდეს, რომ ქვეყანაში გახდეს ვადამდელი არჩევნები ჩასატარებელი, რომელიც აუცილებლად იქნება პროპორციული, კონსტიტუციიდან გამომდინარე. ამ პროცესს, შესაძლოა, მხარი დაუჭირონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც. როცა აიღებ 30%-ს და გეყოლება 120 დეპუტატი პარლამენტში, პირობითად, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შესაძლებელია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე ყველა არჩევნები მხოლოდ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "ამბოხებული მაჟორიტარები" 2020 წელს სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებენ.