19 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
"სირცხვილია"  სუნის გამო დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

მოძრაობა "სირცხვილია“ პარლამენტში არასასიამოვნო სუნის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, შეუსაბამოა. სამოქალაქო აქტივისტი, სოფო კუჭავა ამბობს, რომ პრეპარატი, რომელიც გუშინ, სხდომათა დარბაზში იქნება გამოყენებული, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

მოძრაობა ”სირცხვილიას“ წევრები  ვარაუდობენ, რომ ასეთი მძიმე მუხლით საქმის აღძვრა პოლიტიკურ პროცესებში მათ აქტიურობას უკავშირდება.

"ძალიან არაადეკვატურია ის მუხლი, რა მუხლითაც აღიძრა საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ეს რა პრეპარატია, ჩვენ დავდეთ კიდეც ინფორმაცია მასზე და ნებისმიერ ადამიანს და თქვენც მათ შორის, ნებისმიერ ვეტერინარულ კლინიკაში შეგიძლიათ შეიძინოთ ის და ვფიქრობ, რომ ის, რა შეფასებებიც მოჰყვა, რომ თითქოს ეს იყო ტერორისტული აქტი, ქიმიური შეტევა და ა.შ. სრულიად აბსურდულია. ეს იყო მარტივი მაგალითი იმის, რომ სისტემა, რომელიც ყარს, თავის სუნს ვერ გრძნობდა და გუშინ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მათ იგრძნეს,  სუნი სდის იმ სისტემას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.“ - აცხადებს სოფო კუჭავა.

როგორც ცნობილია, სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ თავად გააკეთეს განცხადება, რომ საპარლამენტო სესიის შეფერხებას, მათივე თქმით, წინასწარ დაორგანიზებულმა აქცია-პერფორმანსმა შეუწყო ხელი. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები ამბობენ, რომ მათი საჯარო აღიარების მიუხედავად, ჯერჯერობით, არცერთი არ გამოუკითხავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 117-ე მუხლით აგრძელებს. 

დღის ამბები