19 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
მოსამართლეთა არჩევის ახალი სტანდარტი - ეკა ბესელიას ინიციატივას ოპოზიცია იზიარებს 

უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე დაწყებული შერჩევის პროცესის შეჩერება და მოსამართლეთა არჩევის ახალი სტანდარტის შემოღება - ეკა ბესელია ხელისუფლებას ახალი წინადადებებით მიმართავს. ბესელიას შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებთანაც აქვს.

ბესელიას წინადადებებს იზიარებენ პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს უკვე მოქმედი შემადგენლობაც უნდა გადაიხედოს.

ახალ ინიციატივას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც ეთანხმებიან, რომლებიც საბჭოს ფორმირების აუცილებლობასა და მოსამართლეთა შერჩევის წესის ძირეულ შეცვლაზე ამახვილებენ ყურადღებას. ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან დღეს სიმბოლურად სამგლოვიარო კალათაც მიიტანა.

დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის რამდენიმეს ოდიოზური უწოდა დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა. იმას, რომ კენჭისყრის შედეგმა იდეალური სურათი ვერ ასახა, მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც აცხადებენ.

იუსტიციის მინისტრი კი განმარტავს, რომ ხელისუფლებას კანონმდებლობაში ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი აქვს, თუმცა ის სრულყოფას მაინც საჭიროებს.

ამ დრომდე ვაკანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. 

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

 

დღის ამბები