20 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფი იმედგაცრუებულია

საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პარტნიორებისგან მორიგი მწვავე შეფასება მიიღო. მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, მათ შორის ასამბლეის პოზიციის საწინააღმდეგოა. საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან.

"სექტემბერში ჩვენი ვიზიტისას სერიოზული შეშფოთება გამოვხატეთ გაუმჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის არასრულყოფილ პროცესთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, გამოვხატეთ მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებდა შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის, მოსამართლეების მინიმალური რაოდენობის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს სათანადო მუშაობის უზრუნველყოფისთვის, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა.

ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და როგორც ცნობილია, მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის აუცილებელია," - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, მათ შორის იყვნენ ისეთი პირები, რომელთა დანიშვნასაც როგორც ოპოზიცია, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და სამოქალაქო სექტორი ეწინააღმდეგებოდა. საპარლამენტო გასაუბრების დროს შეკითხვები გაჩნდა კანდიდატების დიპლომების ნამდვილობასთან დაკავშირებითაც.

დღის ამბები