20 იანვარი 2020,   05:14
ვრცლად
ეს იქნება ძალიან საზიანო ქვეყნისთვის და მმართველი გუნდისთვისაც - ბესელია ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკულ განცხადებაზე

ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელსაც ის წარადგენს, საერთაშორისო რეკომენდაციები იქნება ასახული.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ბესელიას შეფასებით, ის მწვავე კრიტიკა, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმა  საერთაშორისო საზოგადოებისგან იღებს, საზიანოა როგორც ქვეყნისთვის, ასევე მმართველი გუნდისთვისაც.

"ახალი ცვლილებების ინიცირებას დავიწყებ, სადაც იქნება ევროკავშირის საელჩოს ინიციატივები და რეკომენდაციები, ვენეციის კომისიის, ეუთოს, ოდირის. ამას მაინც უნდა დაუჭიროს მხარი უმრავლესობამ თუ უნდათ, რომ ეს ძალიან მწვავე კრიტიკული მოსაზრებები და უმწვავესი პოზიციები არ იყოს შემდეგ ეტაპზეც გაგრძელებული. იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან საზიანო ქვეყნისთვის და მმართველი გუნდისთვისაც," - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფმა კრიტიკული განცხადება გაავრცელა, რომელშიც იმედგაცრუებაა გამოთქმული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები