23 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
თბილისის სასამართლო გადაიქცა ოპოზიციის შტაბბინად - უგულავა ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე

ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატებთან შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაზე და მშვიდობიანი აქციების დროს სამართალდამცავების ქმედებებზეც ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდა 5 პოლიტიკოსი, რომელთა წინააღმდეგ სხვადასხვა მუხლით სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მათ შორის არიან გიგი უგულავა, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

მათ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია ელჩებს აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს  იმ ადამიანების 122 კაციანი სია გადასცა, რომელთა წინააღმდეგაც ოპოზიციის შეფასებით პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"ელჩებთან ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა ეხებოდა პოლიტპატიმრებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხუმრობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გადაიქცა ოპოზიციის შტაბბინად,  ყველა დარბაზში რაღაც პოლიტიკური პროცესი მიდის. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ პროკურორის, მოსამართლის თუ გამომძიებლის პროფილს გავაკეთებთ და გავუგზავნით საელჩოებს ვინც ამ პოლიტიკურ "გაპრავებაში" არიან ჩართულები, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ დავალებებს  ბიძინა ივანიშვილი იძლევა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს"ლიდერმა გიგი უგულავამ.

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ელჩებს  პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია, კოტე კემულარიას თქმით, საქმეები პოლიტიკურად არის შეკერილი.

"შეხვედრა გვქონდა იმ არ​ასამართლებრივ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც პოლიტიკური ტყვის და პატიმრის მიმართ და დანარჩენი საქმეებიც, რომელიც არის პოლიტიკურად შეკერილი," - განაცხადა კოტე კემულარიამ.

დღის ამბები