25 იანვარი 2020,   20:30
ვრცლად
"საქართველოს გზა ევროპისკენ" და ავტოკოლონები გზებზე

"ქართული ოცნების" აქციაზე დედაქალაქში დღეს მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ. რეგიონებიდან მოქალაქეების ტრანსპორტირება "ქართულმა ოცნებამ" თავად უზრუნველყო. ავტომობილების კოლონები სხვადასხვა ქალაქიდან დილის ექვსი საათიდან დაიძრნენ, მგზავრებს შორის იყვნენ საჯარო მოხელეები.

ოპოზიციის ვერსიით, ხელისუფლებამ ამით ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობის წინააღმდეგ ძალის და რაოდენობის დემონსტრირება მოახდინა და საჯარო მოხელეებს ღონისძიებაზე წასვლა აიძულა. ოპოზიციის ბრალდებებს "ოცნების" ლიდერები აბსურდულს უწოდებენ. მათი თქმით, დღეს შაბათია და ყველა ადამიანმა თავად გადაწყვიტა, სად უნდა გაეტარებინა დასვენების დღე.

მმართველი გუნდის მხადამჭერებს, რომლებიც ბათუმიდან მოემგზავრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა პერფორმანსი მოუწყვეს. მათი თქმით, ბათუმიდან თბილისში მოქალაქეები ზეწოლის შედეგად წაიყვანეს და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.

ბათუმიდან თბილისში საჯარო მოხელეების მობილიზებას არ უარყოფენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, თუმცა ამბობენ, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ბათუმიდან თბილისში გამოემგზავრნენ სტუდენტებიც.

"ქართული ოცნების" მხარდასაჭერად თბილისში წამოვიდნენ სამცხე-ჯავახეთიდანაც.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ზუგდიდიდანაც. მათ შორის იყვნენ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებიც, რომელთა ნაწილი დღეს დედაქალაქში წამოსვლის მიზეზად სხვადასხვა ვერსიას ასახელებდა.

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულების მობილიზებაში პრობლემას ვერ ხედავდნენ გურიაში.

მხარდამჭერების მობილიზება "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისშიც უზრუნველყო.

ფოთიდან წამოსულების ნაწილი კი ამბობდა, რომ ისინი კონტრ-აქციაზე მიდიოდნენ და სურდათ, მმართველი პარტიისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და რეგიონებიდან ჩამოსულებმა შეკრება დედაქალაქში შუადღის 3 საათისკენ დაიწყეს.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები