26 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
აიკრძალება თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა - პარლამენტი კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავს

ნონა მურვანიძის თქმით, აზარტული თამაშების რეკლამა, სიკვდილის რეკლამაა. ლუდომანის დედა უკვე წლებია საკუთარი შვილის აზარტული თამაშებისგან ჩამოშორებას ცდილობს.

19 წლის ახალგაზრდის დედა, "კურიერთან" იხსენებს, რომ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მისმა შვილმა თამაში ჯერ კიდევ არასრულწლოვან ასაკში დაიწყო, რასაც ფინანსური გართულებები მოჰყვა. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვის კანონპროექტი პარლამენტისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.

მშობლების პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო სექტორშიც. ორგანიზაციაში "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ამბობენ, რომ თამაშზე დამოკიდებულთა სტატისტიკა ქვეყანაში ყოველწლიურად საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. მესამე სექტორი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ოქტომბერში დარეგისტრირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, ლევან გოგიჩაიშვილის ინიცირებულ კანონპროექტს ემხრობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილიც. ანა დოლიძის თქმით, თუ საკანონმდებლო ორგანო კანონის ცვლილებათა პაკეტს ჩააგდებს, დამტკიცდება რომ აზარტული თამაშების ბიზნესში სახელისუფლებო ინტერესები იკვეთება.

განსხვავებულია პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" პოზიცია. "გირჩში" ინიციატივას პოლიტიკურ პოპულიზმს უწოდებენ.

კანონპროექტის დამტკიცებას, რომელიც მმართველმა გუნდმა ერთხელ უკვე ჩააგდო, არ გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ცვლილებამდე მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და ბიზნესის საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სათამაშო სექტორში საქართველოს მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული.

პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის უახლოეს მომავალში განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ინიციატივა კანონის სახეს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის რეკლამა როგორც ინტერნეტ, ისე საჯარო სივრცეში აიკრძალება.

დღის ამბები