25 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მესამე რაუნდი იწყება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მესამე რაუნდი იწყება. რამდენიმე წუთში ლიდერები, დიპლომატების მონაწილეობით, მოლაპარაკებებს განაახლებენ.

შეხვედრის მთავარი თემა ისევ საარჩევნო სისტემაა. დღეს ხელისუფლებამ უნდა თქვას, რა იქნება პასუხი ოპოზიციის წინადადებაზე.

საუბარი არ არის ე.წ. გერმანულ მოდელზე, ანუ პარტიების შეთავაზების მთავარ საკითხზე, უმრავლესობა წინა შეხვედრაზე დიპლომატების ინიციატივას დათანხმდა, დაიწყოს მსჯელობა მოთხოვნების ერთ-ერთ კომპონენტზე, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებს უკავშირდება. 

"არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, რადგან ველოდებით, როდის ამოეწურებათ მოთმინება ხელისუფლების წარმომადგენლებს და როდის დათანხმდებიან რაიმე კონსტრუქციულ წინადადებას. თუმცა, არ მგონია, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, ან ოპოზიციას, ამის მოლოდინი ჰქონდეს. უფრო მეტად ვვარაუდობ, რომ შემოგვთავაზებენ ისეთ წინადადებას, რომელიც შეურაცხყოფის, ან დაცინვის ზღვარზე იქნება,"- განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. 

"გერმანული მოდელი" გავყავით ორ ნაწილად და ველოდებით მოსაზრებებს ამ მოდელის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, ვიდრე არ ჩამოვა პასუხი ოდირიდან. გარდა ამისა, ჩვენ დავსვამთ საკითხს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ოპოზიციაზე თავდასხმებს. ის, რაც აეროპორტში მოხდა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ხელისუფლებამ პასუხი უნდა გაგვცეს,"- აცხადებს პარტია "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

"საერთაშორისო პარტნიორებისგან აქვთ კონკრეტული კითხვა დასმული და დაველოდებით მათ რეაქციას. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი. სანამ ივანიშვილი და მთელი მისი ბანდა არ გადადგამს ნაბიჯს განმუხტვისკენ და არ წაიღებს უკან შეურაცხყოფას, მანამდე გრძელდება პროტესტი,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. 

დღის ამბები