20 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
ჩვენს მოსახლეობას ფსიქიკური აშლილობა სჭირს - ერეკლე კუხიანიძე მორიგ განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, რომლის ფეისბუქსტატუსსაც უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე კრიტიკა მოჰყვა, ახალ განცხადებას ავრცელებს. ერეკლე კუხიანიძე პირველ სტატუსში ბრალდებებს ვაჟა გაფრინდაშვილს უყენებს, მეორეში კი იმ მოქალაქეებს აკრიტიკებს, რომელთა გამოხმაურებაც არ მოეწონა.

 "დავრწმუნდი თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს… ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა, რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა.

საინტერესოა, რომ ჩვენი პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა. მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს პარტნიორების რჩევებს, მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად," - წერს "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი.

თავად უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, ოჯახი თბილისის საკრებულოს წევრს ერეკლე კუხიანიძეს სასამართლოში უჩივლებს.

"მე არ განვიხილავ ჩვენს დონეზე მაგ ადამიანს. მის გამონათქვამებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მთავარია ვაჟა გათავისუფლდეს და მერე მისი გადასაწყვეტი იქნება, შეიძლება მიუტევოს კიდეც, შეიძლება პასუხი მოსთხოვოს სასამართლოში," - განაცხადა  ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა.

დღის ამბები