23 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
"ცოტნე გამსახურდიამ ტატო ღარიბაშვილს დაზიანება ყავარჯნით მიაყენა" - ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის რომან ნადირაძის განცხადებით, ტატო ღარიბაშვილს ყავარჯნით დაზიანება ცოტნე გამსახურდიამ მიაყენა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებამ ბრალი გადააკვალიფიცირა.

"მოხდა ჩხუბი, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ცოტნე გამსახურდიას, ისე ტატო ღარიბაშვილს. ბრალდებამ ბრალი გადააკვალიფიცირა. ამოღებულია ტატო ღარიბაშვილის ყავარჯენი, მას ამ ყავარჯნით დაზიანება ცოტნე გამსახურდიამ მიაყენა. მოვითხოვეთ ექსპერტიზა და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა," - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ინტერესების დამცველი დაკავებულს დღესვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულებს.

ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი უფლებადამცველი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარებას ითხოვს. ადვოკატი ამ მოთხოვნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დღეს მიმართავს. ადვოკატი  ტატო ღარიბაშილისთვის ყავარჯნების შეტანის უფლებასაც ითხოვს. მოთხოვნათა შორის არის ასევე მისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულად გადაცემაც.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები