19 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
ახალი გადაცემები, გამოწვევები და რუბრიკები - "რუსთავი 2" ახალ წელს ახალი გეგმებით ხვდება

"რუსთავი 2" ახალ წელს ახალი გეგმებით ხვდება. ყოველდღიურად, "რუსთავი 2-ში" ყველაზე ადრე სიცოცხლეს დილის გადაცემის სტუდია იწყებს. ირთვება განათებები, კამერები და ეთერამდე ბოლო ტექნიკური სამზადისი იწყება. ყველაზე ადრე მაყურებელს დილის გადაცემის წამყვანები ესალმებიან.

ასე იქნება 2020 წლის ახალ სატელევიზიო სეზონზეც, პირველი გადაცემა რომელიც 5 იანვარს ეთერში გავა "დილა უქმეებზე" იქნება. 

ცვლილებებია ახალი სეზონიდან ”დილა მშვიდობისა საქართველოში”. 2020 წლის დადგომამდე გადაცემის გუნდმა ახალი წამყვანი არ დამალა და ანა კოშაძე 31 დეკემბრის დილის საახალწლო ეთერში გამოაჩინა. ეთერს დაუბრუნდა ყველასთვის კარგად დავიწყებული ძველი წამყვანი გიორგი ქორქიაც. 

მხიარულ და ენერგიულ სახეებს შორის კვლავ იქნებიან "დილის კურიერის" წამყვანები. 

"რუსთავი 2" 2020 წლის ახალი სატელევიზიო ეთერს ლაივკონცერტით გახსნის. 5 იანვრისთვის, მეგაშოუს მონაწილეები ბოლო და დამღლელ რეპეტიციებს გადიან. "დიდი სცენის" კონკურსანტები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეასრულებენ. 

"შორენას ეფექტი" - ასე ჰქვია ერთ-ერთ გადაცემას, რომლსაც ” პროფილის” გუნდი მაყურებელს 2020 წელს შესთავაზებს. ყველაზე სკანდალური შორენა ბეგაშვილი "რუსთავი 2-ის" ეთერს უბრუნდება, თუმცა ამჯერად არა სკანდალური თემებით. შოუბიზნესში ყველასთვის მიმზიდველი ქალის პროდიუსერი მაია ასათიანი იქნება, გასართობი თემატიკის თოქ შოუ ყველა ქალისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს შეეხება. 

"რუსთავი 2-ის" ყველაზე რეიტინგული გადაცემა კი 24-ე სატელევიზიო ეთერს იწყებს - "პროფილი" მაია ასათიანთან ერთად ახალი წლიდან მაყურებლის იმ სურვილების შესრულებას გეგმავს, რომლებსაც მაყურებელი გადაცემის ავტორს ხშირად წერილებით თხოვდნენ. ახალი წლიდან თოქ-შოუ სოციალური და გასართობი მიმართულების გარდა, შემეცნებითიც იქნება.

ახალი სეზონიდან ახალი ენერგიით დაბრუნდება ნოდიკო ტატიშვილი, ყველაზე სახალხო და სახალისო გადაცემით "რას ფიქრობს საქართველო", 2020 წელთან ერთად გაჩერებას არ გეგმავენ, ამერიკული პროექტის ავტორები, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი.

ნიკა არაბიძე დარწმუნებულია, რომ საარჩევნო წელი გადაცემას განსაკუთრებულ იუმორს შემატებს. "ნიკა არაბიძის შოუში" 2020 წელს ახალი სახეებიც გამოჩნდებიან. კვლავ იქნება მუსიკალური და იუმორისტული დადგმები. გადაცემის წამყვანი შეეცდება რომ ახალი სეზონიდან გადაცემაში მაყურებელიც ჩართოს. ნიკა არაბიძის გარდა, ახალი სატელევიზიო ეთერისთვის ემზადება არხის კომედი ჯგუფიც.

ახალი სეზონისთვის ემზადება ია ფარულავას ”ფარული კონვერტიც”, გადაცემის წამყვანი 2020 წლამდე, ყველა დეტალს ფარულ კონვერტში ინახავს და ღიად მხოლოდ ოქროსფერი ღილაკის გამოცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 

12 საათიანი კურიერის შემდეგ ყველა სამუშაო დღეს ეთერში კვლავ გავა გადაცემა "სხვა შუადღე". შოუს წამყვანები და პროდიუსერები სიახლეებისთვის ემზადებიან. 

2019 წლის მძიმე რამდენიმე თვის შემდეგ, "რუსთავი 2"-ზე ძველი გადაცემების გარდა, 5 ახალი გადაცემა დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ 2020 წელს საეთერო ბადე სრულად დაიტვირთება.

არხის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 2019 წლის მთავარი მიღწევა "კურიერის" ნიუსრუმი და მისი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნათია ლაზაშვილია. ირაკლი იმნაიშვილი დარწმუნებულია, რომ არხი არის იდეა, რომლის გარშემოც ადამიანები 25 წლის განმავლობაში ერთიანდებოდნენ, დღეს კი ნიუსრუმი სწორედ იმ იდეის გარშემოა გაერთიანებული, რომელიც არხის მთავარი მახასიათებელი თვისებაა. ობიექტურ, კრიტიკულ და საერთაშორისო სტანდარტების ტელევიზიაში კი საჭიროა ანალიტიკური და პოლიტიკური შოუების დაწყებას, რომელსაც არხი 2020 წლის დასაწყისში გეგმავს.

დღის ამბები