20 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
თბილისის მერიის ოფიციალური განცხადება - პასუხი გარემოვაჭრეებს

თბილისის მერია გარევაჭრობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, მათი განმარტებით, მერია არავის უშლის ხელს გარევაჭრობაში, თუმცა არსებობს ისეთი ლოკაციები სადაც ვაჭრობა შეზღუდულია.

"თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც, გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე - პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია. გარდა ამისა, გამოყოფილი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და დედაქალაქის მასშტაბით შემდეგი ადგილები:

• ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე;
• ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
• მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე;
• ვერის ბაღის შესასვლელთან;
• მეტროსადგურების - ,,დელისის“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
• სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
• ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
• მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
• გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში;
• დიდუბეში, ბორის პაიჭაძის N1-თან; 
• ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარედ, თიბისი ბანკთან;
• ჯავახეთის ქუჩის N23-ის მიმდებარედ, ყვავილების ბაზრობასთან;
• კალოუბნის ქუჩაზე, ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.

მერიის განცხადებით, იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც  ვაჭრობა  პირველი რესპუბლიკის მოედანზე სურდათ, ალტერნატივად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზეს, სადაც მოწყობილია დახლები და მათივე თქმით, სათანადო პირობებია შექმნილი საახალწლო ვაჭრობისთვის.

"პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა. თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შეთავაზებული ადგილებით.

საახალწლო ბაზრობები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე, ასევე პარლამენტის წინ იფუნქციონირებს 13 იანვრის ჩათვლით, ხოლო სხვადასხვა რაიონში გამოყოფილ ადგილებზე გარევაჭრობა დაშვებული იქნება 7 იანვრის ჩათვლით," - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

 

დღის ამბები