24 აპრილი 2024,   05:53
ვრცლად
"მოსამართლე გიორგი არევაძე და პროკურორი აუცილებლად მოხვდებიან ციხეში" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი და "ინტერმედია პლიუსის" დირექტორის ადვოკატი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

მოსამართლის განმარტებით, ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს. დაპირისპირება სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა.

დაცვის მხარისთვის მოსამართლის მიერ გაწერილი სამუშაო განრიგი მიუღებელი აღმოჩნდა, მათივე თქმით, სხდომების დღეებში ისინი სასამართლოში გამოცხადებას ვერ შეძლებენ.

მორიგი პროცესი 6 იანვარს უნდა გაიმართოს. პროკურატურა "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორს 7 მილიონი ლარის გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

დაცვის მხარის მტკიცებით, საქმე აბსურდულია და ამ საკითხებზე მსჯელობა საგამოძიებო უწყების კომპეტენცია არაა.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე და საქმის პროკურორი აუცილებლად ციხეში მოხვდებიან.

"პრეტენზია ზოგადად იმაზე მაქვს, რომ თვეში ათი პროცესი არ უნდა ინიშნებოდეს. მე არ ვიცოდი, რომ მოსამართლე გიორგი არევაძესთან მექნებოდა საქმე, გიორგი არევაძე და ეს პროკურორი, რომლის სახელი არც ვიცი და არც აქვს პრინციპში მნიშვნელობა, აუცილებლად მოხვდებიან ციხეში და იქ დაასრულებენ თავიანთ კარიერას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

უფლებადამცველის ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს და სულ მალე პროცესზე არც ადვოკატი მივა და არც თავად არევაძე.

"არევაძეს აქვს დავალება მიღებული, რომ ორ თვეში მორჩეს საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევას, რათა გაზაფხულისთვის ივანიშვილის დაკვეთილი განაჩენი გამოაცხადოს, მას არ უნდა ესმოდეს კრიტიკული აზრი, საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ არც ადვოკატი იჯდება პროცესზე და არც არევაძე, თვითონ დაუკრავენ და თვითონ იცეკვებენ," განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი იმედოვნებს, რომ სასამართლო  მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობაში დარწმუნდება.

"მაქვს გონივრული ეჭვი, რომ გამოიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს და სასამართლო დარწმუნდება მტკიცებულებების უტყუარობაში," - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

დღის ამბები