27 თებერვალი 2020,   06:03
ვრცლად
ექიმები გრიპის აფეთქების ახალ ტალღას ელოდებიან - ქვეყანაში 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული

სეზონური ვირუსების გავრცელების სტატისტიკა საქართველოს რეგიონებშიც გაზრდილია. დასავლეთ საქართველოს ქალაქების კლინიკებში მიმართვიანობა, შარშანდელთან შედარებით, მომატებულია. ამ დროისთვის, ათამდე პაციენტი რჩება ქუთაისის კლინიკაში. ორი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი 17 ადამიანი მკურნალობს.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 100-ზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა. მედიკოსების ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით მაჩვენებელმა მოიმატა. გრიპის ვირუსი კი, ძირითადად მცირეწლოვნებშია გავრცელებული. სეზონური გრიპის შემთხვევებმა აჭარაში განსაკუთრებით ბოლო დღეებში იმატა. პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია ბათუმის თითქმის ყველა კლინიკაში.

რაც შეეხება თბილისს, ვირუსული პაციენტებით ყველაზე დატვირთული ისევ იაშვილის კლინიკაა, საავადმყოფოში ამბობენ, რომ ადგილზე არცერთი თავისუფალი საწოლი აღარ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული, ძირითადად A და B კატეგორია. ბოლო 3 კვირის განმავლობაში კი, ვირუსით დაინფიცირების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

მაღალ სიცხესთან ერთად, ყელისა და თავის ტკივილი გრიპის ძირითადი სიმპტომებია, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ამ ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს.

დღის ამბები