27 თებერვალი 2020,   05:12
ვრცლად
ყინულის ფიგურების ფესტივალი ჩინეთში - სპეციალისტებმა სანახაობის შესაქმნელად 170 ათასი კუბური მეტრი ყინული გამოიყენეს

ჩინეთი ყინულის სკულპტურების რიგით 36-ე ფესტივალს მასპინძლობს. ყინულის სამეფოში ულამაზესი სკულპტურები, რომლებიც დილით გამჭვირვალეა ფერადი განათებების საშუალებით, ღამით ულამაზეს სანახაობას ქმნის. უჩვეულო ფესტივალის სტუმრები, ჯადოსნურ სამყაროში ხვდებიან. ზამთრის ფესტივალი, რომელიც ჩინეთში ტრადიციულია, პოპულარულია მსოფლიოშიც.

ჰარბინი ჩინეთის ყველაზე ცივი ადგილია. აქ ტემპერატაურა ხშირად მინუს 35 გრადუსამდეც კი ეცემა. ფესტივალის ერთი ნაწილი ყინულის ფიგურების კონკურსია, მეორე ნაწილი კი, 100-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს. მათ შორის სპორტის, მოდის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებს. ცივ ამინდს არ უშინდება 80 წლის ადგილობრივი, ის მეგობართან ერთად ცურვის კონკურსშიც მონაწილეობს.

"ზამთარში ცურვა სხეულისთვის კარგია. ყოველდღე ვვარჯიშობთ და კონკურსისთვის ვემზადებით," - აღნიშნა 80 წლის მცურავმა ჟაო ნიანგუიმ.

ყინულის სამეფოში მრავალფეროვანი სკულპტურების გარდა, სტუმრებისთვის უზარმაზარი სასრიალოც მოაწყვეს, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზეა გათვალისწინებული. ცივი ამინდის მიუხედავად, ჰარბინში ტურისტების რაოდენობა უჩვეულოდ დიდია.

ჩინური კოშკები და აბრეშუმის გზა, ბიზანტიური აია სოფია, რუსული კრემლის შენობა და მრავალი სხვა - ხელოვანებმა ინსპირაცია ისტორიული ღირშესანიშნაობებისგან მიიღეს.

ჰარბინში ქანდაკებების დასამზადებლად, ყინული უახლოესი მდინარე სონგჰუადან მოაქვთ. სხვადასხვა ფორმის და ზომის ფიგურებზე 10 000-მა სპეციალისტმა იმუშავა. მათ სკულპტურების შესაქმნელად, 170 000 კუბური მეტრი ყინული გამოიყენეს.

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყინულის ფესტივალი, სათავეს ჯერ კიდევ 1963 წლიდან იღებს. ამ პერიოდში ჰარბინში ყინულის ფარნების ფესტივალი და წვეულებები იმართებოდა. დროთა განმავლობაში მას სხვადასხვა ღონისძიება დაემატა და ისეთ შთამბეჭდავ სანახაობად გადაიქცა როგორიც დღესაა. რიგით 36-ე ფესტივალი, ოფიციალურად ხვალ გაიხსნება და თებერვლამდე გასტანს.

დღის ამბები