25 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
ავსტრალიაში ხანძრებს ისევ ებრძვიან - წვიმამ რთული ვითარება ვერ შეცვალა

ავსტრალიაში წვიმა მოვიდა, მეხანძრეებმა ემოციური ვიდეო გაავრცელეს. თუმცა ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის მცირედი დაკლება შექმნილ საგანგებო ვითარებას არ ცვლის.

ავსტრალიაში ცეცხლის 200 კერაა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის გადაწყვეტილებით, ხანძრების ჩაქრობაში 3000 სამხედრო ჩაერთვება. მორისონმა სტიქიისგან დაზარალებული რეგიონები დაათვალიერა. პრემიერს ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიების მოსმენა ისევ მოუწია. 2 დღის წინ მორისონი ცეცხლისგან დამწვარ ქალაქ კობარგოში ჩავიდა, ქუჩაში მას უკმაყოფილო მოსახლეობა შეხვდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მთავრობა ხანძრებს არაეფექტურად ებრძვის. 

ავსტრალიაში, ეკოლოგების განმარტებით, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის მოპოვება და ინდოეთში ექსპორტი ქვეყანაში კლიმატის ცვლილებას ხელს უწყობს.

"ხალხი ბრაზობს და მე ეს მესმის, რადგან მათ ბევრი დაკარგეს. ასეთი რამ ხდება სტიქიური უბედურებების დროს და ჩვენ მათ ყველას დავეხმარებით, მივაწვდით სურსათსა და მედიკამენტებს. ხალხი გაბრაზებულია და მე მზად ვარ, მივიღო მათი პრეტენზიები," - განაცხადა სკოტ მორისონიმ.

ახალ სამხრეთ უელსის მჭიდროდ დასახლებულ შტატში განადგურებულია სახლები, დამწვარია მანქანები და ათასობით ჰექტარი მიწა. მეხანძრეები ქალაქებს ათვალიერებენ, და ცეცხლის ლოკალურ კერებს აქრობენ. ქალაქებში ხანძრისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა უკვე მიმდინარეობს.

დღეს ქალაქ სიდნეიდან 26 კილომეტრში ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. მეხანძრეები უკვე ადგილზე მუშაობენ, რათა ცეცხლი ქალაქამდე არ გავრცელდეს. ხანძრის გამო გადაკეტილია ავტომაგისტრალები, რამაც მოსახლეობის ევაკუაცია გაართულა. მაშველებს ავსტრალიის სანაპიროებიდან დამსვენებლები გაჰყავთ. ზაფხულის არდადეგების გატარება ოჯახებს უსაფრთხო კემპინგებში უწევთ. 

ავსტრალიელმა მსახიობმა სელესტე ბარბერმა "ფეისბუქის" საშუალებით მსოფლიოს მოუწოდა, დაეხმარონ ავსტრალიას ხანძრის ჩაქრობაში. მსახიობის მიმართვას ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის, მომღერალი ფინქი და მსახიობი ნიკოლ კიდმანი. 48 საათში უკვე 20 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეგროვდა.

ავსტრალიაში ტყეებს ხანძარი გასული წლის სექტემბერში გაუჩნდა. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრების კვამლმა ახალ ზელანდიამდე მიაღწია, სადაც ცა ყვითლად შეიღება.

დღის ამბები