20 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
საპყრობილეში დარჩენილი დეკანოზი - ოპოზიცია ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის "შეთქმულებაზე" საუბრობს

"ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზის ისევ საპყრობილეში დატოვებას, ოპოზიცია ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის გარიგებად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს მორიგი დადასტურებაა, რომ პრეზიდენტი შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს.

ე.წ. შეთქმულებაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე აუცილებლად გახდება განხილვის თემა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება.

"იმის მერე, როდესაც ასეთი რაღაცა ხდება, მოლოდინი არის, რომ შეიწყალებს, მერე არ იწყალებს და ასეთ განცხადებას აკეთებს, კიდევ უფრო ამძიმებს იმ შთაბეჭდილებას, რაც გვაქვს ყველას. ანუ ის, რომ რაღაც "შეთქმულება" არსებობს და ამის მიხედვით იქცევიან. წესით და რიგით ეს ამბავი აუცილებლად გახდება ცნობილი მას მერე, რაც ხელისუფლება შეიცვლება," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სამარცხვინოს უწოდებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, თუ აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა, ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა იქნება.

"პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სამარცხვინო, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის არ არის დამოუკიდებელი. როდესაც ის ამბობს, რომ ვერ მოძებნა არგუმენტი დეკანოზ მამალაძის გასათავისუფლებლად, მაშინ რა არგუმენტი ჰქონდა მას, როდესაც მკვლელები, მათ შორის პოლიციის მკვლელი შეიწყალა. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მოთხოვნილი.  დაველოდებით, თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ ჩვენ გვაქვს ბოლო, ასე ვთქვათ იარაღი, რომელიც არის იმპიჩმენტი," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია იმ კითხვის ნიშნებზე და ეჭვებზე საუბრობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალება აჩენს. მისი თქმით, გამონაკლისი არც შობის შეწყალება ყოფილა, რა დროსაც გამოჩნდა პრეზიდენტსა და საპატრიარქოს შორის უჩვეულო ურთიერთმიმართება, როცა ზურაბიშვილმა სინოდის მიერ ერთხმად რეკომენდაციაგაწეული პირი არ შეიწყალა.

"მე ვფიქრობ ეს არის ძალიან უცნაური შემთხვევა, როდესაც სინოდის დონეზე გადაწყდა ერთხმად, რომ უნდა შეწყალებულიყო მამალაძე, მაგრამ პრეზიდენტმა ეს არ გაითვალისწინა. აქ გვაქვს პოლიტიკის და საპატრიარქოს უჩვეულო, ჩვენთვის არატრადიციული  ურთიეთმიმართება. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, იმაზე თუ რა იყო ამ ყველაფრის ნამდვილი რაციონალე და ბუნებრივია მთელი პროცესი და პროცედურა, რაც სალომე ზურაბიშვილის ხელთ არის შეწყალების სახით, თავიდან ბოლომდე იწვევს ეჭვს და კითხვის ნიშნებს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შალვა ნათელაშვილი "ციანიდის საქმეს" ივანიშვილის დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ პროვოკაციის მიზანი საპატრიარქოს დამორჩილება და საარჩევნო აქტივად ქცევაა.

"მე პირდაპირ გეტყვით, რომ არც პატრიარქს და არც ქალბატონ შორენას არავინ ეკითხება ამ საქმის ასავალ-დასავალს, პროვოკაცია დაგეგმილია პირადად ივანიშვილისა და მისი სპეცსამსახურების მიერ, რათა საპატრიარქო იყოს სრულიად მორჩილი და არჩევნებში წარმოადგენდნენ მათი პარტიის საარჩევნო აქტივს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. დამოუკიდებელი რეიტინგული საპატრიარქო არის ივანიშვილისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა და მან მიიღო ჩამკეტი ზომები სწორედ ამ ციანიდის პროვოკაციით," - აღნიშნა "ლეიბორისტების" ლიდერმა.

დღის ამბები