20 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ბოინგის საქმეზე გამოძიება იწყება - უკრაინა თეირანში სპეციალური ჯგუფის გაგზავნას აანონსებს

თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ბოინგის საქმეზე გამოძიება იწყება. უკრაინის პრემიერ-მინისტრი თეირანში სპეციალური ჯგუფის გაგზავნას აანონსებს, რომელიც საგამოძიებო პროცესში ჩაერთვება.

ალექსეი გონჩარუკის თქმით, ირანში უკრაინის ავიაციის ყველა კომპანიის მიმოსვლა შეჩერებულია მანამ, ვიდრე ავიაკატასტროფის მიზეზი არ გაირკვევა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიების მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვის იმედს იტოვებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ირანში უკრაინის ავიაციის ყველა კომპანიის მიმოსვლა შევაჩეროთ, ვიდრე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არ გახდება ცნობილი. როგორც კი მიზეზები ბოლომდე გვეცოდინება, გადაწყვეტილებას გადავხედავთ.

რა თქმა უნდა იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გამოძიება იქნება წარმართული მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ისე, რომ ყველა საერთაშორისო და საჯარო ორგანიზაცია, რომელიც გამოძიების მიმართ ნდობას გააძლიერებს, მასში ჩართული იყოს," - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება ნაპოვნი შავი ყუთების ბედი, რომლის უკრაინული ავიახაზებისთვის გადაცემაზეც ერთ-ერთი ვერსიით თეირანი უარს ამბობს. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინა და ირანი კატასტროფის მიზეზის დასადგენად კოორდინირებულად მუშაობაზე შეთანხმდნენ.

ბოლო ინფორმაციით, კატასტროფას 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათგან 9 ეკიპაჟის წევრი იყო. დაღუპულთა შორის არიან 11 უკრაინელი, 82 ირანელი და 63 კანადელი, ასევე გერმანიის, ბრიტანეთის, შვედეთის და ავღანეთის მოქალაქეებიც.

უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737 რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან 2 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა და ჩამოვარდა. ამ ეტაპზე მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება, თუმცა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში ეკიპაჟის შეცდომას გამორიცხავენ.

თეირანში უკრაინის საელჩოს განცხადებით, ამ ეტაპზე მიზეზები ზუსტდება ხდება, თუმცა პირველადი ვერსიით, მიზეზად ძრავის გამორთვა დაასახელეს, ტერაქტი კი გამორიცხეს.

ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, სინგაპურის, ჩინეთისა და მალაიზიის ავიახაზებში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, ირანის საჰაერო სივრცეში დროებით აღარ იფრენენ.

დღის ამბები