19 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა - ომბუდსმენთან მისი შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა

სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძემ შიმშილობა დროებით შეწყვიტა.

ციხიდან გამოსულმა ნინო ლომჯარიამ სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი უფლებები საკანში სათანადოდ დაცული არ არის.

სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საკანში შესახვედრად სასულიერო პირის მიმართვის შემდეგ მალევე მივიდა.

გლდანის ციხეში შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა.

მანამდე გლდანის მერვე დაწესებულებაში დეკანოზთან ადვოკატი იმყოფებოდა, იმ მოტივით, რომ ციხეში მყოფი სასულიერო პირი დაერწმუნებინა, შიმშილობა შეეწყვიტა.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი მასთან საკაცით მიიყვანეს, მას წამოდგომა დამოუკიდებლად არ შეუძლია, პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელი და ფეხი.

პენიტენციალურ დაწესებულებაში ამბობენ, რომ დეკანოზს საჭიროებიდან გამომდინარე ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება.

პარალელურად კი ციხეში მყოფი დეკანოზი საპატრიარქოს ახალი სკანდალის გასაჯაროებით ემუქრება.

გიორგი მამალაძის გეგმებზე დღეს ციხიდან გამოსულმა სასულიერო პირის ძმამ ისაუბრა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ეტაპობრივად, საზოგადოებას მიაწვდის ზნეობრივ, მორალური და ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირების შესახებ, რომლიც აქამდე არ თქმულა.

ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი სტრასბურგში სასულიერო პირის მეორე საქმეს გაგზავნის, რომელიც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

ციხეში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობის შესახებ 2 ექსპერტიზის დასკვნა დაიდო განსხვავებული მონაცემებით.

სასჯელაღსრულების დასკვნაში წერია, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრ ემპათიის მონაცემებით, მსჯავრდებულს აქვს მოტორული აშლილობა, რამაც გამოიწვია კიდურების პარალიზება, მას ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა - რეაბილიტიაცია.

დღის ამბები