24 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს

მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს "ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ" საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, ხოლო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", მთავრობის სრული მხარდაჭერის მიუხედავად, 2017 წლიდან დღემდე ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება, ვერ მიაღწია ხელშესახებ შედეგს და ვერ წარმოადგინა პროექტის განვითარების რეალური ხედვა, საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება ვერ უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას.

ვინაიდან კონსორციუმთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაჭიანურებამ შეიძლება დააზიანოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები,"- ნათქვამი სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები