20 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
თეირანის აგრესიული პასუხი ტრამპის სამშვიდობო გზავნილს - შედგება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გზავნილს თეირანმა აგრესიით უპასუხა. შტატების პრეზიდენტის მიმართვიდან რამდენიმე საათში ბაღდადის მწვანე ზონაში ირანული რაკეტები ჩამოვარდა.

ტრამპს მუქარით პასუხობს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ირანელი სამხედრო პირები შეერთებული შტატების მხრიდან ძალის ახალი დემონსტრირების შემთხვევაში "გაცილებით მკაცრი პასუხით" იმუქრებიან. მიზანშია ამოღებული 100 ამერიკული ობიექტი. ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ავიადარტყმის მიზანი არა სამხედროების მოკვლა, არამედ ინფრასტრუქტურის დაზიანება იყო.

ვაშინგტონი მზადაა, ირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ იმ წერილში წერია, რომელიც შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა. შტატებს უნდობლობას უცხადებს გაეროში ირანის ელჩი. მაჯიდ რავანჩიმ თქვა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებების შეთავაზება დაუჯერებელია მაშინ, როდესაც ამავდროულად ირანს მკაცრ სანქციებს უწესებენ.
ირანი რეგიონიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას ისევ ითხოვს, დონალდ ტრამპს კი ჯარები არ გაჰყავს და პირობას დებს, რომ არ დაუშვებს ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. ამ დაპირებით დაიწყო მიმართვა შტატების პრეზიდენტმა.
შტატებში მიიჩნევენ, რომ ტრამპმა რაკეტებს სანქციები არჩია. გუშინვე სამშვიდობო გადაწყვეტილებაზე ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს ანგარიში წარუდგინა.

კონგრესში გამოსვლის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბრიტანელ კოლეგას შეხვდა. საუბრის თემა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იყო. ლონდონი ვაშინგტონს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ირანსა და შეერთებულ შტატებს დიალოგისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს რომის პაპი. პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში ორივე ქვეყნის ელჩი მიიღო.


ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე მსჯელობენ ევროკავშირშიც.

დღის ამბები