17 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
ჩაერთვება თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეში

მესამე სექტორი მოითხოვს, რომ მურად წურწუმიას საქმეზე გამოძიება ინსპექტორის სამსახურმა აწარმოოს. ორივე პუნქტი უწყებას გამოძიების დაწყებას ავალდებულებს თუ სამართალდაცვითი ორგანოს წარმომადგენელი წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის საქმეზეა ბრალდებული.

მესამე სექტორის შეფასებით, სამსახური სწორედ ამ ტიპის საქმეების გამოსაძიებლად შეიქმნა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კი მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებენ, რომ მურად წურწუმიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, რაც მათ კომპეტენციას სცდება. არგუმენტი მიუღებელია უფლებადაცვითი ორგანიზაციებისათვის, ისინი უწყებას საკუთარ როლსა და ფუნქციებს ახსენებენ.

მესამე სექტორის მოთხოვნას აბსურდულს უწოდებს ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი. მისი თქმით, არ შეიძლება საზოგადოებრივმა განწყობებმა სამართალწარმოების პროცესში ცვლილებები შეიტანოს.

მოკლული მურად წურწუმიას ოჯახის ადვოკატი დღეს საქმის მასალებს გაეცნო. უფლებადამცველი გამოძიების შედეგით კმაყოფილია, თუმცა ელოდება სხვა მოქმედებების ჩატარებასაც. ნესტან ლონდარიძის თქმით, ექსპერტიზით იმ დაზიანებების სიმძიმე დასტურდება, რომლებიც გარდაცვლილ ბიჭს ცემისას მიაყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2 იანვარს მუხრან ჩხვირკია, მურად წურწუმია და ბრალდებულები იმყოფებოდნენ ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ურთიერთშელაპარაკება დაიწყო.

ამის მიზეზად უწყება ჩხვირკიასა და წურწუმიას მიერ სპეცრაზმელის საკუთრებაში არსებული მანქანის გატაცების მცდელობას ასახელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ბრალდებულებმა ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის გამოც ის 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა.

დღის ამბები