23 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
კორუფციული სქემა თუ არასწორი მენეჯმენტი - 75 000-მდე პირი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღმა დარჩა

C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. დღეს უკვე უვარგისი მედიკამენტები 2 321 ადამიანის სამკურნალოდ გამოდგებოდა. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის საპასუხოდ, ჯანდაცვის უწყებაში მიზეზად პროექტის დაწყებიდან 2 წელში ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებას და მკურნალობის თვითნებურ შეწყვეტას ასახელებენ.

ოპოზიცია სამინისტროს ელიმინაციის პროგრამაში ფინანსური ბარიერებისა და გაუმართავი მენეჯმენტის გამო აკრიტიკებს. დაგეგმვაში დაშვებული პრობლემების გარდა, ოპოზიციის ნაწილი არც კორუფციულ სქემას გამორიცხავს. C ჰეპატიტის პროგრამის მიზანი 2020 წლისთვის ქვეყანაში დაავადებული 135 ათასი ადამიანის განკურნებაა, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დაბალი მიმართვიანობის გამო 2020 წლისთვის სრული ელიმინაცია ვერ მოხერხდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილის მწვავე კრიტიკა აუდიტის დასკვნას მოჰყვა. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ С ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი პრეპარატები სახელმწიფომ ნაგავში გადაყარა. ვერ გამოიყენა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი, რომელსაც ვადაც გაუვიდა. ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ელიმინაციის პროგრამა ჩავარდა, ვინაიდან დაანონსებული 135 000 პაციენტის ნაცვლად მკურნალობის კურსის გავლა მხოლოდ 60 000-მა შეძლო, 75 000-მდე პირი კი პროგრამის მიღმა დარჩა.

ოპოზიციის ნაწილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე და შავ ბაზარზე მედიკამენტების გაყიდვაზეც საუბრობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადაგასულობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს პოლიტიკური პარტია "ლელოც". პარტიის წევრები იმ ფინანსურ ბარიერებზეც საუბრობენ, რომელიც С ჰეპატიტის მქონე პაციენტების სკრინინგისთვის იყო დაწესებული და მათი უმრავლესობა თანხის გადახდას ვერ ახერხებდა.

ოპოზიციის ბრალდებებს მალევე უპასუხეს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ტიკარაძის უწყებაში. ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განცხადა, რომ ჩამოიწერა მხოლოდ სტრატეგიულ მარაგში არსებული 2 000 კოლოფი. ჯანდაცვის უწყებაში ამის მიზეზად ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებასაც ასახელებენ. პროგრამა რომელიც 2020 წლისთვის 135 000 ინფიცირებულის განკურებით უნდა დასრულებულიყო, კიდევ რამდენიმე წლით გადავადდება.

ჯანდაცვის კომეტეტის ყოფილი თავმჯდომარე შეცდომებს აღიარებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ C ჰეპატიტის პროგრამამ ამ მიმართულებით არსებულ ყველა გამოწვევას უპასუხა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მოიწონეს. მმართველი გუნდიდან ცოტახნის წინ წასული აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე მიუღებელია.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე კი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა დღეს არსებული ნარკოპოლიტიკაა, რის გამოც ნარკოდამოკდებულებს პროგრამაში ჩართვა უჭირთ.

ელიმინაციის პროგრამის ჩაგდებასთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ჯანდაცვის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც. ხუნდაძე მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პროგრამა იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა ინფიცირებული არ განიკურნება.

ბოლო კვლევის მიხედვით, მიხედვით, 150 000 ადამიანი C ჰეპატიტის მქონეა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა კი 2015 წლიდან ამოქმედდა. ძვირადღირებული მედიკამენტები ამერიკულმა მხარემ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი საქართველოში 10 წლის განმავლობაში იქნება.

დღის ამბები