23 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
"ბასიანზე" მომხდარი დაპირისპირებისას დაზარალებულები საავადმყოფოშივე დაკითხეს

"ბასიანზე" მომხდარი ინციდენტისას კლუბის დაზარალებული თანამშრომლები თეა აბაშიძე და ბექა ჭინჭარაული სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერნენ. ისინი სამართალდამცველებმა საავადმყოფოშივე დაკითხეს.

დაიკითხა დაზარალებულების მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ლომინაშვილიც, რომელმაც ჟურნალისტებთან კითხვების შინაარსზეც ისაუბრა.

"ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩაუტარდათ ჭრილობის შეხვევები და გაეწერნენ უკვე ბინაზე. კითხვები იყო, რა სახის ჭრილობები ჰქონდათ, სად ჰქონდათ უშუალოდ, რამდენი იყო უცხო სხეული, რაც ამოვიღეთ ჭრილობიდან. ერთი და იგივე სახის ტყვია იყო ორივესთან,"- განაცხადა ნიკოლოზ ლომინაშვილმა

​თავად დაზარალებულებმა გამოკითხვის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. 

ბიძინა ჩაჩხინიას ადვოკატი ია თოდუა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ჩაჩხინიამ სთხოვა, მედიას ინფორმაცია არ მიაწოდოს.

"მითხრა, რომ ინფორმაცია არ მიმეწოდებინა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის. ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი და ჯერ პასუხს ვერ გაგცემთ, სანამ ბრალდება არ წარედგინება. რაც შეეხება ნასამართლეობას, ესეც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემზე შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,"-განაცხადა ია თოდუამ.

შეგახსენებთ, "ბასიანზე" დაპირისპირება 2 დღის წინ მოხდა. ბიძინა ჩაჩხიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 18-ჯერ გაისროლა, თუმცა აღნიშნულ ვითარებას წინ უძღოდა უშუალოდ "ბასიანის" შიგნით მომხდარი ფაქტი, სადაც ჩაჩხიანი დიჯეის დაუპირისპირდა. ბიძინა ჩაჩხიანი დაპირისპირების შემდეგ დაცვის წევრებმა გარეთ გამოიყვანეს, თუმცა უკვე გაღიზიანებული ჩაჩხიანი, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, კვლავ უკან დაბრუნდა და იარაღიდან 18-ჯერ გაისროლა.

დღის ამბები