20 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გენერალური პროკურორი - მესამე სექტორის სამპუნქტიანი რეკომენდაცია

ვის კანდიდატურას გადაუგზავნის საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე - პროცესში არსებულ ხარვეზებზე დღეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაავრცელა.

41 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციებს აძლევს. 

გენერალური პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სამპუნქტიანი რეკომენდაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გენერალურ პროკურორს ვიწრო პარტიული ინტერესით არ შეარჩევს და პარლამენტში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსს დაეფუძნება.

პოლიტიკური გავლენების გარდა, კოალიცია გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესში საკანონდებლო ხარვეზებზე, კერძოდ პროცესის ბუნდოვანებაზე მიანიშნებს. სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ პროცესის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის არსებობისთვის კონსულტაციის პროცედურები უფრო აქტიური და გამჭვირვალე, კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმები კი უფრო მკაფიო უნდა იყოს. კოალიცია საბჭოს იმის დასაბუთებასაც სთხოვს, რომ კანდიდატები გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახალი გენერალური პროკურორი მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი იქნება. მმართველი გუნდის ოპონენტები სისტემის ძირეული ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ.

პროკურატურის მიუკერძოებლად მუშაობის პირობას დებს მმართველი გუნდი. უმრავლესობა პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს და პოლიტიკური კონტრბრალდებებით პასუხობს.

გენერალური პროკურორის სკამი ვაკანტური 12 დეკემბერს მას შემდეგ გახდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესებას მხარი დაუჭირა.

16 დეკემბრიდან საპროკურორო საბჭომ, კანონმდებლობის თანახმად, გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ერთთვიანი კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციის შედეგად საბჭო 3 კანდიდატს შეარჩევს. მათ კენჭს ინდივიდუალურად უყრიან. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას ანუ საბჭოს სრული შემადგენლობის მესამედს მიიღებს.

დღის ამბები