21 თებერვალი 2020,   13:56
ვრცლად
სააკაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენების მიზანი გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება იყო - წულუკიანი

20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება.

"მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა არის პრაქტიკულად ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ექსპრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ.  

თეა წულუკიანის თქმით, ის არ უპასუხებს სააკაშვილს, ისე როგორც ეკადრება. მინისტრმა სააკაშვილს მოუწოდა, იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესოს.

თეა წულუკიანის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი და აქედან გამომდინარე, იგი საპატიმროში მოხვედრის შიშით საქართველოში დაბრუნებისგან თავს იკავებს.

"თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს. ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მას აქვს მისჯილი სასჯელი და ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, 20 ივნისს მათ შეძლეს დესტაბილიზაციის არიდება. მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით გამოძიება დაინტერესდა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში დაინტერესდა გამოძიება სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელმაც დაადასტურა უკვე ცალსახად და ცხადზე ცხადად, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი მიზანი იყო გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მათი წიაღიდან და ხელმძღვანელიდან წამოსული ეს განცხადება ადასტურებს ამ ფაქტს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ უკვე ცალსახად დავინახეთ ხელისუფლებამ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა იმ ღამეს შეძლეს დაცვა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ ქვეყნის უკანონო მოვლენებისგან და იმ დესტაბილიზაციისგან დაცვა, რომელიც მათ მიერ შემუშავებული გეგმის წარმატებით წარმართვას აუცილებლად მოჰყვებოდა. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ როგორც ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობები და არ აქვს ფუფუნება, რომ მასავით უპასუხისმგებლოდ ისაუბროს.

ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს სტაბილურობა და შევინარჩუნოთ ის უმთავრესი და საბაზისო ღირებულება, რის გარეშეც არ არსებობს განვითარება, ეს არის მშვიდობა. მშვიდობა არასდროს იყო სააკაშვილის ღირებულება, ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს იწყებს. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ექს-პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ფრაზა ვარაუდის საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა ძალოვანი უწყებისთვის, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა. 

დღის ამბები