28 თებერვალი 2020,   03:34
ვრცლად
პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს მოსახლეობას გურიიდან, ერისთავების სასახლიდან მიულოცა

პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს მოსახლეობას გურიიდან, ერისთავების სასახლიდან მიულოცა. 

სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა. 

პრეზიდენტის განცხადებით, დროშა საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა. 

"ჩემო თანამემამულეებო, მინდა, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე, სახელმწიფო დროშის დღე. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე გურიიდან, რამეთუ გურია არის ის მხარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა თავის დროზე დამოუკიდებლობა. ასე რომ, ერთგვარი სიმბოლოა, გურიიდან მოგილოცოთ დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

მინდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არის თქვენი თავის პატივისცემა, თქვენი ქვეყნისა და იმ ღირებულებების, ფასეულობების პატივისცემა, რითაც მოდის ეს ქვეყანა.

პირველ რიგში ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა.

ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით და ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა საპატიო ყარაულის თანხლებით საზეიმოდ აღიმართა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები