25 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
"საზღვართან" მოიყვანეს პაციენტი, აქეთ ჩვენი "სასწრაფო" ელოდებოდა, მაგრამ ვერ გადმოიყვანეს - ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორში

ოკუპირებული ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ადგილობრივები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მისაღებადაც კი ვერ გადმოდიან. საოკუპაციო რეჟიმს ყველა გადასასველი ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს.

ოკუპირებული ახალგორის 1500-მდე მკვიდრი პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების აღებას ვერ ახერხებს, მაღალი ფასების გამო კი, მათ საჭირო პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენის საშუალებაც არ აქვთ.

"ვმუშაობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაცნობებთ, ყველა საერთაშორისო ფორმატში ამას ვაყენებთ. ეს არის ჩვენი თავიდან მოშორების მცდელობა. ჩვენ გვინდა რეალური ნაბიჯები დავინახოთ. ადგილობრივი ხელისუფლება ხედავს, რომ რამდენი გარდაცვლილი შეიძლება იყოს მათ ანგარიშზე და ხვდება, რომ არ შეუძლიათ აქ ადამიანების დაცვა და თვითონ რაღაც შავ გზებს ეძებენ. ჩვენ შავი გზები არ გვაინტერესებს, ჩვენ გვინდა დაუყოვნებლივ, პირობების გარეშე გადაადგილების აღდგენა,"- აცხადებს ახალგორის მკვიდრი თამარ მეარაყიშვილი

"კურიერი" გაესაუბრა რამდენიმე თვის წინ, ჭაში ჩავარდნილი ქალის, თამარ გიგაურის ნათესავსაც, რომელიც აცხადებს, რომ დაზარალებულს ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განაგრძოს. 

"მუხლი, გვერდი, მარჯვენა მხარე, რომლითაც დაეცა, მთლიანად აქვს დაზიანებული. კოჭთან დღემდე არ ვიცით, მოტეხილია თუ გაბზარული, ფაქტობრივად, შეხორცდა, უკვე ორი თვე გავიდა. მაგრამ, როგორც ვიცი, აწუხებს ძლიერი ტკივილები. ოჯახი ამ ამბის მოხდენის შემდეგ ყოველ დღე ვითხოვთ მის გადმოყვანას, ვთხოვთ ყველას და მიდის კიდევ ამაზე მუშაობა და ვნახოთ,"-განაცხადა ნანა გიგაურმა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ბოლო შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ შეძლო, დღეს დილით დაფიქსირდა. 

თინიკაშვილის თქმით, გამშვებ პუნქტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა პაციენტი, თუმცა მისი გადმოყვანა ვერ მოხერხდა. 

"სამწუხაროა, როცა ამდენი ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა და უმეტეს შემთხვევაში იმის გამო, რომ დროულად ვერ მიიღეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ასევე, ადამიანებს არ აქვთ პენსიის და დევნილის შემწეობის მიღების საშუალება და ეს ადამიანები დარჩნენ ფინანსური რესურსის გარეშეც. დღესაც წამოიყვანეს ერთი ავადმყოფი ექიმების რეკომენდაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით, რომელიც ახალგორში ფუნქციონირებს, რომელიც მოიყვანეს ოძისთან, გამშვებ პუნქტთან, მაგრამ "რუსი მესაზღვრეები" არ იმყოფებოდნენ იქ, პოსტი ჩაკეტილი იყო და ვერ გამოიყვანეს. აქეთ მხარეს ელოდებოდა ჩვენი სასწრაფო, იმედია ეს საკითხიც დარეგულირდება,"- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს. 

დღის ამბები