19 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
აპირებდა თუ არა ბიძინა ჩაჩხიანი ღამის სამ საათზე სანადიროდ წასვლას, შეფასების საკითხია - პროკურორი

პროკურორის ლაშა გამყრელიძის განცხადებით, 12 იანვარს კლუბ "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანი ინციდენტის შემდეგ ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

მისივე განმარტებით, ჩაჩხიანის განცხადება, რომ ის სანადიროდ მიდიოდა, შეფასების საკითხია.

"საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. როგორც მოგეხსენებათ გრძელდება გამოძიება და არაერთი მოწმეა გამოსაკითხი. აპირებდა თუ არა ბრალდებული ღამის სამ საათზე წასვლას სანადიროდ, ეს უკვე შეფასების საკითხია. ბრალდების მხარეს, რა თქმა უნდა, აღნიშნული აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებული აპირებდა მიმალვას," - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ია თოდუა ჩაჩხიანისთვის პატიმრობის შეფარდებას არ დაეთანხმა.

"დაცვის მხარე არ დაეთანხმა პატიმრობის გამოყენებას და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ ბიძინა ჩაჩხიანის წინააღმდეგ გამოყენებულიყო გირაო 5000 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები. ამ ეტაპზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, რაც არის წარმოდგენილი, არ ვეთანხმებით ბრალდების პირველ ნაწილს, სსკ-ის 239 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენებას," - განაცხადა ადვოკატმა.

 "ბასიანის" საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს საქალაქო სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

12 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანი, რომელიც ღამის კლუბიდან გააძევეს, კლუბში იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან, უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა.

დღის ამბები