24 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ხელისუფლება არათუ აჩერებს ოკუპაციას, არამედ ახალისებს მსგავს ქმედებებს - სერგო რატიანი

დღეს ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ერთი პაციენტი არ გამოუშვეს.

ადგილობრივები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, ვერ იღებენ ვერანაირ სამედიცინო სერვისს და სოციალურ შემწეობას თუ პენსიას. ოპოზიცია ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი თვლის, რომ ხელისუფლება არათუ აჩერებს ოკუპაციის პროცესს, არამედ თავისი პოლიტიკით მსგავს ქმედებებს ახალისებს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება არამარტო არაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდეს და ჩვენი პარტნიორების საშუალებით რუსები იხდიდნენ ფასს მსგავს ქმედებებთან მიმართებაში, არამედ, მისი რიტორიკა, მისი პოლიტიკა ახალისებს და ხელს უწყობს მსგავს ქმედებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არათუ არის შემაკავებელი ფაქტორი ამ აგრესიის, არამედ წამახალისებელი ფაქტორია,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს. 

დღის ამბები