02 ივლისი 2020,   22:18
ვრცლად
გზა, რომელიც მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი არ იხსნება - ახალგორი უკვე 4 თვეა, იზოლაციაშია

გზა, რომელიც მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი არ იხსნება - 4 თვე გავიდა, რაც ახალგორი რეჟიმის იზოლაციაშია. იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა კი, დღითიდღე უარესდება. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ცხინვალის რეჟიმი მძიმე ავადმყოფებსაც კი უზღუდავს სამედიცინო დახმარებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. ამ დროს კი, ბოლო წლების განმავლობაში, ქართველ ექიმებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანის სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი, მათ შორის - ეთნიკური ოსების.

ჯანმრთელობის უფლება - ადამიანის უფლებათა დაცვის მთელ რიგ საერთაშორისო კონვენციებსა და სახელმწიფოთა კონსტიტუციებშია აღიარებული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი, ადამიანის ამ ფუნდამენტურ უფლებასაც არღვევენ. დღესაც, მავთულხლართებთან მობილიზებული ქართული სასწრაფო დახმარება უშედეგოდ ელოდა მძიმე ავადმყოფისთვის საგუშაგოს გახსნას.

ე.წ.რაზდახანის გამშვებ პუნქტთან დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგორიდან პაციენტი მიიყვანა. ამ დროს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 112-ის ბრიგადა პაციენტის გადმოცემას ელოდა, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებმა პაციენტი ჩაკეტილი ე.წ. საზღვრიდან არ გამოატარეს. ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა არ არის, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას არ აძლევს.

ჯანრთელობის პრობლემების გარდა, გადაადგილების პრობლემების გამო ბოლო თვეების განმავლობაში გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ დაკრძალვის დღეს ნათესავები ოკუპირებულ ახალგორში სპეციალური სიის დახმარებით და შეზღუდული რაოდენობით შედიან.

ოკუპირებულ ახალგორში 1500 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა პენსიონერია. უკვე მეხუთე თვეა ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან და კუთვნილ პენსიას ვერ იღებენ, რის გამოც ადგილზე ფინანსური პრობლემებიც გაჩნდა.

ახალგორში მედიკამენტები და პროდუქტი რუსეთიდან შედის. საკვებზე ფასი, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისგან განსხვავებით, თითქმის სამჯერ მეტია, მედიკამენტები კი შეზღუდული რაოდენობით არის. ახალგორში მცხოვრები აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივების პრობლემებზე სოცილურ ქსელში ინფორმაცის სისტემატიურად ავრცელებს. მისი განცხადებით, მკურნალობის კურსს ვერ აგრძელებენ ონკოლოგიური პაციენტები, ადგილობრივები შველას უშედეგოდ ითხოვენ.

ახალგორში არიან ოჯახები, რომელებიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ორად გაიყვნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში კომუნიკაციის პრობლემები აქვთ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩარჩენილები არიან ბავშვებიც. ამ დრომდე უშედეგოდ ელის დახმარებას ჭაში ჩავარდნილი ქალი, რომელმაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო. თამარ გიგაურის ოჯახი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის აუცილებლობაზე დღესაც საუბრობს.

უკვე 131 დღეა ახალგორის მოსახლეობა ტყვეობაშია, ეს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ჩაკეტილი რეგიონის პრობლემები წეროვანში არსებულმა მესამე სექტორმა კარგად იცის. ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისთვის" საერთაშორისო ორგანიზაციებს მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მოსახლების მძევლად აყვანას უწოდებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის ჩაკეტვას. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი დიპლომატიური მოლაპარაკების გააქტიურებაზე და ჟენევის ფორმატის გაძლიერებაზე საუბრობს.

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 4 სექტემბერს მიიღო, მას შემდეგ, რაც სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ე.წ საზღვრის გახსნა მხოლოდ საგუშაგოს აღების შემდეგ მოხდებოდა. ბიბილოვის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან და რუსეთის ქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ საოკუპაციო რეჟიმს ამ დრომდე გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

დღის ამბები