24 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედება მიმართულია იმისკენ, რომ რურუასგან როგორმე ოფიციალურად მოიპოვონ დნმ-ს ნიმუში - ადვოკატი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და გიორგი რურუას ინტერესების დამცველები გლდანის ციხეში იმყოფებიან.

დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს და აქედან გამომდინარე გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადების ფაქტის გამოძიებას დაუყონებლივ ითხოვენ.

ადვოკატ შოთა კახიძის განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც გიორგი რურუამ დნმ-ს ნიმუშის აღებაზე უარი თქვა ის იყო, რომ დაცვის მხარეს არ სურს ისედაც გაყალბებულ მტკიცებულებებს კვლავ ფალსიფიცირებული მტკიცებულებები დაემატოს და საქმეში მსგავსი მასალა არსებობდეს.

"ყველა ე.წ. საგამოძიებო მოქმედება მიმართულია იმისკენ, რომ გიორგი რურუასგან როგორმე ოფიციალურად მოიპოვონ გენერალური ნიმუში და იგი შეადარონ ან დაამთხვიონ იარაღზე ხელოვნურად დატანილ გენეტიკურ პროფილს. ერთადერთ მიზანს ემსახურება საგამოძიებო ორგანო, მიიღონ მათთვის სასურველი გენეტიკური ექსპერტიზა.

ჩვენ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ყველა საპროცედურო დოკუმენტზე, სასამართლოში გიორგი რურუას წარდგენის სხდომაზე, ჩვენგან აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტს, გაცხადებული იქნა სხდომაზე," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა, შოთა კახიძემ.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.

დღის ამბები