თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ წერეთელსა და "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს შორის თაღლითური გარიგება არსებობდა.
"ზუსტად ავთანდილ წერეთლის დავალებით მოხდა "თიბისი ბანკიდან" აღნიშნული თანხების მიღება და გადასესხება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე. რაც შეეხება მესამე მოწმეს, ეს იქნება "თიბისი ბანკის" წარმომადგენელი, რომელმაც იმ პერიოდში ეს სესხები გასცა. აღნიშნული მოწმე ისაუბრებს სესხის გაცემის დეტალებზე და მისი ჩვენებით დადასტურდება, რომ ბანკმა არ იცოდა, რომ ეს სესხები რეალურად სხვა პირებზე უნდა გადასესხებულიყო ," - აღნიშნა პროკურორმა.
ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთლის განმარტებით კი, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდება, რომ სესხი რეალური იყო.
"კვლავ ვიმეორებ და ყოველდღე მიწევს ამის გამეორება, ამ დარბაზში საუბარია ფულის გათეთრებაზე, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. დღეს ფულის გათეთრებაზე არანაირი საუბარი არ იქნება. ჩვენთვის წინასწარ ცნობილია მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, დღეს დადასტურდება, რომ სესხი რეალური იყო და მოტყუებას ადგილი არ ჰქონია," - აღნიშნა ადვოკატმა.
სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. ამჯერად სხდომაზე "თიბისი ბანკის" თანამშრომელს, "სამგორი ემის" და "სამგორი თრეიდის" დირექტორებს მოუსმენენ, რომლებიც სესხის მიღების გარემოებებზე ისაუბრებენ.
ავთანდილ წერეთელს პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე