20 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გაყალბებისთვის მზადებას უკავშირებს

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" გარდა, ნეგატიურად აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. 

"თუ ოქმები პირდაპირ გაიგზავნება საოლქოში და შემდეგ ცესკოში, ამ შემთხვევაში იზრდება მანიპულაციის შანსი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ასევე, თუ მედიას არ მიეცემა საშუალება, რომ არჩევნების დღეს უბნებზე იყვნენ, ეს ამცირებს საარჩევნო დღის გამჭვირვალობას. ხოლო თუ იქნება იმის შანსი, რომ მოსყიდვა განხორციელდეს არჩევნების ღამეს ან ნებისმიერ დროს მეორე ტურამდე, ეს აძლევს მათ საშუალებას, რომ უფრო "უკეთ" მოისყიდონ ამომრჩეველი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა სერგი კაპანაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით კი, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილება ერთადერთ რამეს, არჩევნების გაყალბებას ემსახურება.

"ყველა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში ბოლო პერიოდში ხორციელდება, ერთადერთ მიზანს ემსახურება - ძალაუფლების შენარჩუნებასა და არჩევნების გაყალბებას. უკვე ტექნიკურ დეტალებამდეც კი დავიდნენ თუ როგორ უნდა მივიდეს ოქმი საარჩევნო უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე. ეს არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლებას არ უნდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება," - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები