გორში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.
ღონისძიებას მიხეილ ჩხენკელი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა ესწრებოდნენ.
"საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ჩვენ გავხსენით ახალი სკოლა. ჩემთვის, როგორც საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს პროექტი ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდა," - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
გამყოფ ხაზთან სკოლა 40 წლის წინ აშენდა, თუმცა დროთა განმავლობაში დაზიანდა. მისი რეაბილიტაციის სურვილი ამერიკის მთავრობამ გამოთქვა, სკოლაში სულ 240 ბავშვი ისწავლის.
"მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე სკოლის გახსნის ცერემონიალში. ახლადგარემონტებული სკოლა არის ახალი შესაძლებლობა განათლების მიღებისთვის. მინდა მოვუწოდო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები და მისცეს ხალხს თავისუფლად გადაადგილების საშუალება," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი.
სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა.