17 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
გიორგი რურუამ სასამართლო განჩინება შეასრულა და გლდანის ციხეში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

გიორგი რურუას გლდანის ციხეში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა. გამომძიებელმა და ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს.

რურუამ სინჯების აღებაზე მანამდე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ახალი მუხლი დაუმატა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

უფლებადამცველებმა დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტეს, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი რურუამ და რატომ ჩააბარა ნებაყოფლობით დნმ-ის ნიმუში.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, ადგილზე ისეთი ვითარება შეიქმნა, უკეთესი იქნებოდა გიორგი რურუას საგამოძიებო პროცესში მონაწილეობა მიეღო.

"აღებულ იქნა ახალი განჩინება მოსამართლის ამ ნიმუშის აღებაზე და განჩინებაში რა თქმა უნდა მითითებული იყო პროპორციული ძალის გამოყენების უფლება მიეცა პოლიციასაც და გამოძიებას, მაგრამ იმავდროულად ამ სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც მიეცა უფლება საჭიროების შემთხვევაში კონტინგენტიც დაეხმარებინა  პროპორციული ძალისთვის.

შემოსული იყო დაახლოებით 10-15 პოლიციელი და რა თქმა უნდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებიც მზად იყვნენ.

არავითარი გონივრულობა არ იქნებოდა ჩვენის მხრიდან აქ ჭიდაობის დაწყება და წინააღმდეგობის გაწევა. განჩინების შესაბამისად გიორგი რურუამ მისცა ნიმუში, თუმცა რა თქმა უნდა ოქმში დავაფიქსირეთ ყველაფერი ის უკანონობა, რაც უკვე ჩადენილია," - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა დაწესებულებიდან გამოსვლის დაადასტურეს, რომ რურუამ დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა და მათ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება არ დასჭირვებიათ.

"ამ შემთხვევაში სასამართლო განჩინება შეასრულა გიორგი რურუამ და მისგან ნებაყოფლობით მოხდა ნიმუშის აღება. ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა სასამართლო განჩინების საფუძველზე, დღევანდელი შემთხვევაც ჩატარდა სასამართლო განჩინების საფუძველზე," - განაცხადა გამომძიებელმა კახაბერ მურადაშვილმა.

დღის ამბები