22 იანვარი 2020,   07:05
ვრცლად
რატომ იფეთქებდა თავს გიორგი იჩუკაიძე აზერბაიჯანულ მხარესთან შეუთანხმებელ ტერიტორიაზე, გამოძიებას პასუხი არ აქვს

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღესაც გაურკვეველია, რა მოტივი ამოძრავებდა ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს, როდესაც ის შეიარაღებული, ქართველ მესაზღვრეებს თავს დაესხა.

გამოძიებამ ასევე ვერ დაადგინა იმ ყუმბარის წარმომავლობა, რომლითაც აზერბაიჯანულ მხარესთან შეუთანხმებელ ტერიტორიაზე ბრალდებული თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

დამნაშავეს განეიტრალების შემდეგ პოლიციამ დაკავებულის სახლი გაჩხრიკა, თუმცა საეჭვო ვერაფერი ამოიღო. გამომძიებლებს საქმისთვის დალუქული აქვთ გიორგი იჩუკაიძის პირადი ნივთები.

დაკავების ოპერაციის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რომელშიც ბრალდებულიც მონაწილეობდა. "კურიერის" ინფორმაციით, ის ადგილზევე დაკითხეს, რა დროსაც თქვა, რომ თავდასხმას ქართველ მესაზღვრეებზე მას შემდეგ გეგმავდა, როდესაც ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილება ყველას შეუზღუდეს.

დაკავებულის პოზიცია საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. მას ჯერჯერობით არ ჰყავს ადვოკატი და დაცვის სტრატეგიაც ჩამოუყალიბებელია. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. იქამდე, ვიდრე ბრალდებული საჯაროდ ალაპარაკდება, მომხდარზე მხოლოდ ვერსიები ვრცელდება.

შემთხვევა გუშინ დღის პირველ ნახევარში მოხდა. ვითარების განეიტრალების მიზნით, ქართველ მესაზღვრეებს აზერბაიჯანელი კოლეგებიც დაეხმარნენ.

დღის ამბები